„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, უკრაინიდან მიღებული იარაღით 2008 წელს რუსული თვითმფრინავებია ჩამოყრილი და უკრაინა მუდამ საქართველოს გვერდით იდგა.
ზურაბ ჯაფარიძეს კითხვა დაუსვეს მამუკა მდინარაძის განცხადებაზე, სადაც მდინარაძე აღნიშნავს: „მადლობა უნდა ვუთხრათ უკრაინელებს, 2008 წელს რომ მოგვყიდეს იარაღი, ოღონდ კონტექსტი ისეთია, თითქოს ომის დღეებში გადმოგვცეს იარაღი, რაც ასე არ ყოფილა“.
„უკრაინიდან მიღებული იარაღით 2008 წელს რუსული თვითმფრინავებია ჩამოყრილი. რაც ჩამოიყარა, თითქმის ყველა ჩამოიყარა უკრაინული იარაღით. უკრაინა გვეხმარებოდა სულ, 1993 წელსაც გვეხმარებოდა, ჩვენ გვერდით იდგნენ, ჩვენ გვერდით იხოცებოდნენ. ახლა ვინც ამბობს, უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებოდნენო, ჩემი აზრით, უსინდისო ნაბიჭვრები არიან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.