დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ხვალ, 9 დეკემბერს, 20:00 საათზე საზეიმოდ აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, ყველას შევახსენო, რომ არსებობს თარიღები, რომლებიც, გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, საჭიროებს განსაკუთრებულ აღნიშვნას, რადგან იმედის, სიხარულის და ბედნიერების განცდა აუცილებელია ადამიანების ცხოვრებაში. სწორედ ასეთი თარიღია ახალი წელი. ვისურვებ, რომ არასდროს, მსოფლიოს არცერთ ქალაქში არ გაქრობოდეთ ადამიანებს მისი სათანადოდ აღნიშვნის სურვილი. დღეს მსოფლიო არის სერიოზული გამოწვევების წინაშე, ჩვენს რეგიონშიც არის სერიოზული პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველგან ცდილობენ, რომ ადამიანებს მისცენ შობა-ახალი წლის დღეების აღნიშვნის შესაძლებლობა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ეს დღეები ვისმენთ ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელთა განხილვას დღეს აქ არ შევუდგები. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა - არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები. არავის არ მიეცემა ამის უფლება და შესაძლებლობა. ახალი წელი და შობის დღეები - ეს არის ის დღესასწაულები, რომელსაც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული განსაკუთრებით ადამიანი ელოდება. ყველასთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა თანაქალაქელები საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვია.
„მინდა, დავპატიჟო ყველა. მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ჩავიფიქროთ მშვიდობა, რაც დღევანდელ რეალობაში უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და ყველას, მთელ მსოფლიოს გვინდა ვუსურვოთ მშვიდობა. ნაძვის ხის ანთების შემდეგ გაიმართება კონცერტი. ჩემი თხოვნა იქნება, ჩაიცვათ თბილად, რადგან ძალიან ცივა. წამოიყვანეთ თქვენი პატარები და მობრძანდით, გელოდებით რუსთაველის გამზირზე. რა თქმა უნდა, საახალწლო სურვილები უცვლელია - სიკეთე, სიყვარული, სიცოცხლე, სოლიდარობა და რა თქმა უნდა, მშვიდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.