4 დეკემბერს თბილისის რიგით 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყება. ფესტივალს აგნეშკა ჰოლანდის მისტერ ჯონსი გახსნის.
ფესტივალს ტრადიციულად კინოთეატრი ამირანი უმასპინძლებს. ბილეთების გაყიდვა 1 დეკემბერს დაიწყება.
ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება კი, შედგება 10 დეკემბერს. დახურვაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ დიტო ცინცაძის ახალი ფილმი როქსი.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ ფესტივალის პრიზი-ოქროს პრომეთე.
საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან
შემდეგ ნომინაციაში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 6 სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ასევე 8 სრულმეტრაჟიანი და 7 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში: ევროპული ფორუმი, ოსკარის მაძიებლები, ჰორიზონტები, დამზადებულია გერმანიაში, ქვეყანა ფოკუსში - რუმინეთი, უკრაინა: თავისუფლების ფერები, რეჟისორი ფოკუსში - აგნეშკა ჰოლანდი, ინიციატივა DOCA, აპოლო:კინოს მეხსიერება, განსაკუთრებული სეანსები, ქართლი პანორამა.
წლევანდელ კინოფესტივალზე განსაკუთრებული დრო დაეთმობა უკრაინულ კინემატოგრაფს. ფესტივალს რამდენიმე უკრაინელი რეჟისორიც ეწვევა.
ფესტივალის საპატიო ჯილდოები გადაეცემათ ქართველ რეჟისორს ოთარ იოსელიანს და პოლონელ რეჟისორს, ევროპული კინოაკადემიის პრეზიდენტს აგნეშკა ჰოლანდს. მაყურებელს ფესტივალის ფარგლებში ორივე რეჟისორის ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა მიეცემა.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა და განრიგი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.