„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში გაიმართება 4 საჯარო ლექცია: ქართული და ევროპული მუსიკის, აგრეთვე ბაროკოს პერიოდის თეატრისა და არქიტექტურის შესახებ და ჩაატარებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები და პროფესორები.
16 ნოემბერს გაიმართა შალვა ქურიძის (არქიტექტურის დოქტორი, ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრატორი და ქალაქმგეგმარებელი) საჯარო ლექცია - ბაროკოს კონცეფციის გამოყენების პრობლემები. საჯარო ლექციაზე განხილული იყო „ბაროკოს არქიტექტურის“ კონცეფციის გამოყენების შესაძლებლობა სამეცნიერო რევოლუციის პერიოდზე, რომელიც არის ახალი ტერმინოლოგიური სერიის და კავშირების აგების მცდელობა მეცნიერების ფენომენებს შორის.
17 ნოემბერს კი, თეორბისტ გიორგი კუზანაშვილის მასტერკლასი ჩატარდა. მასტერკლასის მონაწილეებსა და მსმენელებს გააცნო თეორბო, ბასო კონტინუოს ჩაწერის სხვადასხვა სისტემა და ინსტრუმენტზე დაკვრის სპეციფიკა.
ფესტივალის ლექციების ციკლი გრძელდება და 18 ნოემბერს გაიმართება თეა მუქერიას (მუსიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის დოქტორანტი, „საქართველოს სინფონიეტას საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი) საჯარო ლექცია - ანაქრონიზმი და ავთენტიკურობა ბაროკოს საშემსრულებლო ხელოვნებაში.
20 ნოემბერს, მიხეილ ჯავახიშვილის (აკადემიური გუნდის დირიჟორი, საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსმბლ „რუსთავის“ წევრი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი) საჯარო ლექცია გააგრძელებს ფესტივალის სალექციო კვირას და საჯარო ლექციაზე განხილული იქნება სამუსიკო ფოლკლორის გადარჩენის გზა “მართვეს” ცოცხალი შესრულების მაგალითზე, შეხვედრაზე აგრეთვე ნაჩვენები იქნება მოკლე დოკუმენტური ფილმი, სადაც ანზორ ერქომაიშვილის თავად ყვება ქართული ტრადიციული მუსიკის პრობლემატიკაზე და თაობიდან თაობაზე ტრადიციების გადაცემის აუცილებლობაზე.
21 ნოემბერს კი ფესტივალის საჯარო ლექციების ციკლს დაასრულებს თამარ მუქერიას (თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის კოორდინატორი) საჯარო ლექცია - OPERA ბაროკოს ეპოქაში. საჯარო ლექციაზე განხილული იქნება საოპერო ხელოვნების წარმოშობის ისტორია. შევეხებით საინტერესო ამბებს მისი შემქმნელებისა და შემსრულებლების შესახებ. აგრეთვე, მოვისმენთ ფრაგმენტებს სხვადასხვა საოპერო ნაწარმოებიდან.
ლექციები „საქართველოს სინფონიეტას“ სარეპეტიციო სივრცეში, “Sinfonietta Stage”-ზე (სანაპიროს ქუჩა N 4, შენობა 2, სართული 8) გაიმართება, დასაწყისი 19:00, დასწრება თავისუფალია.