საქართველოს აკადემიურმა გამომცემლობამ გამოსცა საბა მეტრეველის მონოგრაფია „ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა - პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“. ნაშრომში შესწავლილია ქართულ მწერლობაში მიმდინარე პროცესები საქართველოს გასაბჭოების შემდეგ; გაანალიზებულია პროლეტარული მწერლობისა და სტალინიზმის ესთეტიკური კოდექსის - სოციალისტური რეალიზმის - კანონი, თეორია და პრაქტიკა; გამოვლენილია ლიტერატურის პარტიულობის საშიში ტენდენციები, დომინანტური იდეოლოგიის პოეტურ ფორმად გადაქცევისა და მისი ესთეტიზაციის მეთოდები.
წიგნის რედაქტორია სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, პროფესორი სოსო სიგუა, რომელიც თავის წინათქმაში წერს: „საბა მეტრეველი ღრმად იცნობს XX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებას; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია საგულისხმო სათაურით `კომუნისტური აგიოგრაფია~ (2015 წ.), რომელშიც შესწავლილია საბჭოთა რეჟიმის პოლიტიკურ-ლიტერატურული ტერორის ასპექტები და ანტირელიგიური დისკურსი, ზოგადად, - საბჭოთა მწერლობის მსოფლმხედველობრივი ბირთვი. გარდა ამისა, 2008 წელს გამოვიდა მისი „აგიოგრაფიის იკონოგრაფიული სახისმეტყველება“, ხოლო 2020 წელს - „ქართული სულიერი კულტურის პარადიგმები - აგიოგრაფია“, რომლებშიც ქართული სასულიერო მწერლობა შესწავლილია ქრისტიანული ღვთისმეტყველების ფუნდამენტური საკითხების გათვალისწინებით. ასე რომ, საბა მეტრეველი კარგად იცნობს იდეოლოგიურ კონცეფციებსაც და მათს პროეცირებას კულტურასა და ხელოვნებაში.
„ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა - პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“ არაერთ საინტერესო დაკვირვებას გვთავაზობს. ისინი ავტორს ცალკე ქვეთავებად აქვს გამოყოფილი და სიღრმისეულად გააზრებული. ვფიქრობ, საბა მეტრეველის წიგნს ინტერესით შეხვდება ჩვენი მკითხველი, რადგან საბჭოთა ტოტალიტარიზმის ესთეტიკა სიტყვიერად კი არ არის უარყოფილი, არამედ დასაბუთებულია მისი ანტიჰუმანური და ყალბი ბუნება თავისუფლების სახელით“.
საბა მეტრეველის ახალი წიგნი „ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა - პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“ განკუთვნილია XX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და, ზოგადად, საბჭოთა ტოტალიტარიზმის სპეციფიკით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.