"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი პარტია ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრის ღიაობას მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ მან "ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია. ამასთან დაკავშირებით პირადად ჩემი ინიციატივა იყო, რომ სხვა თანამდებობის პირების მიმართ არჩევის დროსაც იყოს ღია კენჭისყრა, მე ამ საკითხს ხვალ დავაყენებ, თუმცა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც უკვე წარმოდგენილი აქვს ლევან იოსელიანს ინიციატივის სახით, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხს, კენჭისყრის ღიაობას მხარს დავუჭერთ" - ამბობს მამუკა მდინარაძე.