არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, წვლილი შეიტანოს ევროპაში ენერეგეტიკული კრიზისის შემსუბუქებაში.
ამ ქვეყნების რიგებს ისრაელიც შეემატა. პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდის განცხადებით, ისრაელი შეძლებს ევროკავშირს მიაწოდოს [ევროკავშირში] რუსეთიდან 2021 წელს მიღებულ გაზის მოცულობის 10%.
იაირ ლაპიდი 12 სექტემბერს, ბერლინში შეხვდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს.
"ჩვენ ვაპირებთ მონაწილეობას ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლების მცდელობებში", - განაცხადა ლაპიდმა შეხვედრის შემდეგ.
შოლცმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ გერმანია მუშაობს ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რომელიც საშუალებას მისცემს მას მიიღოს ნედლეული ახალი პარტნიორებისგან,
ივნისში, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის შუამავლობით, ისრაელმა და ეგვიპტემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ევროპისთვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ. შეთანხმების მიხედვით, ისრაელი თავისი გაზის ტრანსპორტირებას მოახდენს ეგვიპტეში, სადაც ნედლეული გათხევადდება და ტანკერებით გაიგზავნება ევროპისკენ.
ამავდროულად, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტს მიმდინარე წელს 30 პროცენტით გაზრდის.
"ევროპისთვის მიწოდებული [გაზის] სრული მოცულობა 2022 წელს გაუტოლდება 12 მილიარდ კუბურ მეტრს, რაც, 2021 წელთან შედარებით, წარმოადგენს 31-პროცენტიან ზრდას", - დაწერა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე.
ივლისში ევროკავშირმა და ბაქომ გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანი 2027 წლამდე გაზის იმპორტს გააორმაგებს, სულ მცირე წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
3 სექტემბერს ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი კარგად არის მომზადებული რუსული გაზის შესაძლო სრული შეწყვეტისთვის.
ევროკომისრის განცხადებით, ევროკავშირი აქტიურად აგროვებს გაზს თავის საცავებში და იღებს ზომებს ენერგიის დაზოგვის მიზნით.
"ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების", - თქვა ჯენტილონიმ და დასძინა, რომ ევროკავშირი რუსეთისგან კონტრაქტების პირობების დაცვას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში "მზადაა რეაგირებისთვის".
შეგახსენებთ, რუსულმა ენერგეტიკულმა კონცერნმა "გაზპრომმა" 3 სექტემბრიდან აღარ განაახლა ევროპისთვის "ჩრდილოეთის ნაკადით" გაზის მიწოდება, როგორც ეს დაგეგმილი იყო.
"გაზპრომი" მილსადენის მუშაობის შეჩერების მიზეზად საკომპრესორო სადგურზე ნავთობის გაჟონვას ასახელებს.
უკრაინაში გაჩაღებული ომისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, "გაზპრომს" მანამდეც შემცირებული ჰქონდა ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდება.
შექმნილი ვითარების ფონზე, ევროკავშირმა გააქტიურა მუშაობა ბაზრის დივერსიფიკაციის, ენერგიის დაზოგვისა და საცავების შევსების მიმართულებით.