ჩვენ ოფიციალურად გამოგვაქვს აღნიშნული საკითხი, სახელწოდებით „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ხალხის საერთო მისწრაფებას.
„პირველი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო ეს არის ჩვენი დაპირება, რომელზეც ჩვენ გასულ წელს ვსაუბრობდით, ეს არის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას 2030. ჩვენი ხედვა, რომელშიც გაიწერა პრაქტიკულად ყველა მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. თითოეულმა უწყებამ მოამზადა საკუთარი განვითარების სტრატეგია, ხედვა და გეგმები და ახლა ჩვენ ოფიციალურად გამოგვაქვს აღნიშნული საკითხი, სახელწოდებით „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“. ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას. ეს არის ქვეყანა, რომელიც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. ეს ჩვენი საერთო ამოცანაა, სოციალური თანასწორობა, ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო, დემოკრატიის გაძლიერება, უსაფრთხოება და სტაბილურობა. ეს ყველაფერი ჩამოყალიბებულია ამ დოკუმენტში. მინდა ყველა უწყებას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენ ეს დოკუმენტები მზად გვქონდა შარშანვე, მაგრამ ამის შემდეგ დაიხვეწა თითოეული დოკუმენტი, განახლდა მონაცემები და დღეს უკვე დასრულებული სახით წარმოვადგენთ, მთავრობა დაამტკიცებს და ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება“, – განაცხადა პრემიერმა.