თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტარები და სხვები, ვინც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ, საქართველოს მტრები არიან.
ჟურნალისტებმა კალაძეს კითხეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც თბილისში, საერთაშორისო კონფერენციას, "დიდება უკრაინას" ესწრებიან, დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ.
კახა კალაძის თქმით, ისინი, ვინც ამ კონფერენციას ესწრებიან, საქართველოს მტრები არიან. მისივე განცხადებით, საქართველოს არჩეული კურსიდან არასდროს გადაუხვევია.
„ვინც ამ კონფერენციას ესწრებიან, ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები, ვითომ მეგობრულად შერაცხულები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, საქართველოს არასდროს გადაუხვევია ამ კურსისთვის. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის ის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან, უვიზო მიმოსვლასთან და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე, განახორციელებს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ამ გზაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.