გერმანიის მმართველი კოალიცია, რომელიც შედგება სოციალ-დემოკრატიული პარტიის, მწვანეთა პარტიისა და თავისუფალი დემოკრატებისგან, შეთანხმდა გერმანიის მოსახლეობისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქასა და დახმარების პაკეტის მიღებაზე.
გერმანიის მთავრობა, რუსეთიდან ენერგომომარაგების პრობლემების ფონზე, ესწრაფვის ფასების მკვეთრი ზრდის კომპენსირებას.
მოლაპარაკებები 18 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
საუბარია 65 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტზე, რომელიც მიზანდ ისახავს გერმანულ ოჯახებზე ზეწოლის შემცირებას.
მასშტაბური ფინანსური პაკეტის წარდგენისას, კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი ენერგეტიკის სექტორში. მიუხედავად ამისა, კანცლერი ოპტიმისტურად არის განწყობილი გერმანიის ენერგომომარაგების საიმედოობის მიმართ. "ამ ზამთარს გადავლახავთ", - აღნიშნა მან.
მანამდე, ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი კარგად არის მომზადებული რუსული გაზის შესაძლო სრული შეწყვეტისთვის.
მისი განცხადებით, 3 სექტემბრის მდგომარეობით, გერმანიაში გაზის მარაგები 84.53%-მდე შეივსო.
შეგახსენებთ, რუსულმა ენერგეტიკულმა კონცერნმა "გაზპრომმა" 3 სექტემბრიდან აღარ განაახლა ევროპისთვის "ჩრდილოეთის ნაკადით" გაზის მიწოდება, როგორც ეს დაგეგმილი იყო.
"გაზპრომი" მილსადენის მუშაობის შეჩერების მიზეზად საკომპრესორო სადგურზე ნავთობის გაჟონვას ასახელებს.
უკრაინაში გაჩაღებული ომისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, "გაზპრომს" მანამდეც შემცირებული ჰქონდა ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდება.
შექმნილი ვითარების ფონზე, ევროკავშირმა გააქტიურა მუშაობა ბაზრის დივერსიფიკაციის, ენერგიის დაზოგვისა და საცავების შევსების მიმართულებით.