"დიდი შვიდეულის" ქვეყნები აცხადებენ თავიანთ განზრახვას, შექმნან "ფართო კოალიცია", რათა ერთობლივად დააწესონ ლიმიტი რუსეთის ნავთობის ფასებზე. აღნიშნულის თაობაზე ნათქვამია "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ფინანსთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა.
"ჩვენ გვსურს შევქმნათ ფართო კოალიცია ჩვენი ზომების მაქსიმალური ეფექტურობისთვის და მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, ვისაც ჯერ კიდევ სურს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი, აიღონ ვალდებულება, რომ პროდუქტებს დადგენილი ზღვრით, ან მასზე ნაკლები ფასით შეიძენენ", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეიძენენ იმ ფასში, რომელსაც დაადგენს ფასების ზღვრის დამცველი და განმახორციელებელი ქვეყნების ფართო კოალიცია.
ამასთან, "დიდი შვიდეულის" ფინანსთა მინისტრები მოუწოდებენ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს, გაზარდონ წარმოება, რათა შემცირდეს არასტაბილურობა ენერგეტიკულ ბაზარზე.
ამავდროულად, Financial Times-მა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც, "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 5 დეკემბრიდან, ნავთობპროდუქტებზე კი 5 თებერვლიდან ამოქმედება.
აღსანიშნავია, რომ სწორედ 5 დეკემბერს შედის ძალაში ევროკავშირის სანქციები, რომელიც რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო იმპორტს კრძალავს.
"დიდმა შვიდეულმა", რომელშიც შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ბრიტანეთი შედის, ივნისში განაცხადა, რომ რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებას განიხილავდნენ. მიზანი რუსეთის მიერ მიღებული შემოსავლის შემცირებაა, რომელსაც მოსკოვი უკრანის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან ომში იყენებს.
"დიდი შვიდეულის" დღევანდელი განცხადების გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დმიტრი პესკოვი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის დაწესება ნავთობის ბაზრების მნიშვნელოვან დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
1-ელ სექტემბერს, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია შეწყვეტს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დააწესებენ რუსულ ნავთობის ფასებს.