იტალიის ხელისუფლებამ სარდინიაში რუსი ოლიგარქის, ვიაჩესლავ (მოშე) კანტორის საკუთრებაში არსებული 11 ვილა დააყადაღა. იუწყება ადგილობრივი გაზეთი L’Unione Sarda.
პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი მოშე კანტორი ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციებს ჯერ კიდევ აპრილში დაექვემდებარა.
სანქციების ფარგლებში ყადაღა დაედო სარდინიის პორტო როტონდოში მდებარე 11 ვილას, რომლებიც რეგისტრირებულია უშუალოდ ოლიგარქის სახელზე ან მასთან დაკავშირებულია.
გაზეთი ყურადღებას ამახვილებს ერთ გარემოებაზე, რომელიც სამართალდამცავებმა ერთ-ერთი ვილის დაყადაღებისას აღმოაჩინეს. როგორც აღმოჩნდა ერთ-ერთ ვილაში უკრაინის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომელთაც ომის დაწყების შემდეგ დატოვეს სამშობლო. გამოცემის ვარაუდით, ეს ვითარება შესაძლოა, იმით აიხსნას, რომ კანტორის ცოლი წარმოშობით უკრაინელია.
კანტორი იყო მინერალური სასუქების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლის Акрон-ის მთავარი მეწილე. Forbes-ის თანახმად, მისი ქონება 4.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
კომპანიაში თავისი წილი, კანტორმა სანქციების დაწესების შემდეგ, მენეჯმენტს გადასცა.
ფოტო: პორტო როტონდო, საილუსტრაციო ფოტო