საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, დღეს და ხვალ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ილია დარჩიაშვილი დაესწრება შეხვედრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების-მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
როგორც ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრა აქვს დაგეგმილი უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთანაც.
„ღონისძიების ფარგლებში მექნება ორმხრივი შეხვედრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მათთან გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ, ერთი მხრივ, ორმხრივი თანამშრომლობა და ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ამ ინტეგრაციის პროცესში ინდივიდუალური წევრი ქვეყნების მხარდაჭერა, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია.
ასევე, დაგეგმილი ჩემი შეხვედრა ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, რომელთანაც მუდმივად მქონდა კომუნიკაცია და შეხვედრის შესაძლებლობები. გვექნება ძალიან ღია და ძალიან კონკრეტული საუბარი, თუ როგორ შეიძლება, ორმა ქვეყანამ გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ორ ქვეყანას შორის და დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
რუსეთის ომი უკრაინაში და სამხედრო კონფლიქტის შედეგების ზეგავლენა მსოფლიოზე - ეს ის საკითხებია, რაზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ჩეხეთის დედაქალაქში მსჯელობენ. მინისტერიალის პირველ დღეს უკრაინული არმიისთვის დამატებითი, მაღალი დონის სამხედრო წვრთნების ჩატარება გადაწყდა. მისია მიზნად უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას.