გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირში რადიკალური რეფორმების გატარების ინიციატივით გამოდის, რათა ბლოკი მოემზადოს ახალი წევრებისთვის.
"დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და მომავალში საქართველო, უნდა გახდნენ ევროკავშირის ნაწილი. ეს გაფართოება ევროკავშირის ინტერესებშია", - განაცხადა მან პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
"ამ დღეებში კვლავ იბადება კითხვა, სადაც გაივლება გამყოფი ხაზი თავისუფალ ევროპასა და ნეოიმპერიალისტურ ავტოკრატიას შორის", - დასძინა შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირმა უნდა გადადგას კარდინალური ნაბიჯები მისი გაფართოებისთვის, მათ შორის, ევროპარლამენტისა და საგარეო და საგადასახადო პოლიტიკის სფეროში გადაწყვეტილების მიღების სისტემის რეფორმირებისთვის.
ამასთან, შოლცის თქმით, მხარს უჭერს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღებისას ერთსულოვნების პრინციპის გაუქმებას, მაშინაც კი, თუ, მისი თქმით, ამას შედეგი ექნება გერმანიაზეც.
შოლცმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების უმრავლესობით მიღების პრინციპზე გადასვლა ეკონომიკური ბლოკის გაფართოების ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს.
კანცლერმა პირობა დადო, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში და უახლოეს კვირებში გაუგზავნის მას თანამედროვე იარაღს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებს და თვითმფრინავებს.
ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ უნდა აიღოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უკრაინის პოტენციალის გაძლიერებაზე საჰაერო თავდაცვისა და არტილერიის სფეროში.