რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მოსკოვი არ შეწყვეტს სამხედრო კამპანიას უკრაინაში, მაშინაც კი, თუ კიევი ოფიციალურად იტყვის უარს ნატოში გაწევრიანების განზრახვაზე. ამის შესახებ მედვედევმა ფრანგულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მედვედევის თქმით, რუსეთი მზადაა გარკვეული პირობებით უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის.
"ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმა ახლა აუცილებელია, მაგრამ აღარ არის საკმარისი მშვიდობის დამყარებისთვის. აუცილებელია გაჩნდეს ის გარანტიები, რის შესახებაც პრეზიდენტი პუტინი საუბრობს", - განაცხადა მედვედევმა LCI-ისთან ინტერვიუში.
ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთმა ნათლად აჩვენა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მისთვის მიუღებელია.
მედვედევის თქმით, რუსეთის სამხედრო კამპანია მანამ გაგრძელდება, სანამ "დასახული მიზნები" არ მიიღწევა. ცნობილია, რომ პუტინის თქმით, მისი მიზანია უკრაინის "დენაციფიკაცია".
რუსეთმა და უკრაინამ შეჭრის დაწყების შემდეგ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართეს, მაგრამ არანაირი პროგრესი არ ყოფილა და ამ დროისთვის, მოლაპარაკებების განახლების მცირე პერსპექტივაა.
ზელენსკისთან მოლაპარაკების პერსპექტივის შესახებ კითხვაზე მედვედევმა უპასუხა:
"ეს მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ უკვე მზად ვიყავით მასთან სასაუბროდ. პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრა ამაზე. მაგრამ რაღაც მომენტში უკრაინის ხელმძღვანელობამ, ბატონი ზელენსკის ხელმძღვანელობით, თქვა, რომ ჩვენ არ გვჭირდება ეს მოლაპარაკებები, ჩვენ გვჭირდება ომი გამარჯვებამდე".