ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, კრემლის ერთგული მოკავშირე ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ ბელარუსული სამხედრო თვითმფრინავები გადაკეთდა ისე, რომ მათ შეეძლოთ ბირთვული შეიარაღების გადატანა. ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო მედია "ბელტა" იტყობინება.
"მათ [დასავლეთის ქვეყნებმა] უნდა გააცნობიერონ, რომ თუ ესკალაციაზე წავლენ, ვერავითარი ვერტმფრენები და თვითმფრინავები ვერ გადაარჩენენ. მე და პუტინმა ერთხელ პეტერბურგში ვთქვით, რომ ბელარუსულ სუ-24-ებს გადავაკეთებდით, რათა მათ შეძლებოდათ ბირთვული იარაღის გადატანა. როგორ ფიქრობთ, ჩვენ უაზროდ ვსაუბრობდით? ყველაფერი მზად არის!" - ციტირებს "ბელტა" ლუკაშენკას სიტყვებს.
ამავდროულად, ბელარუსის კიდევ ერთი გამოცემა "ზერკალო" აღნიშნავს, რომ ლუკაშენკას ამ ციტატიდან გაუგებარია, თუ რა არის კონკრეტულად მზად.
"თვითმფრინავები უკვე გადაკეთებულია? უკვე აღჭურვილნი არიან ბირთვული იარაღით?" - კითხვებს სვამენ გამოცემის ჟურნალისტები.
შეგახსენებთ, ლუკაშენკამ და პუტინმა 25 ივნისს სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე, ბელარუსული თვითფმრინავის გადაიარაღებაზე ისაუბრეს.
კრემლის ცნობით, ლუკაშენკამ თქვა: "დამეხმარეთ, რომ სულ მცირე, ადაპტირდეს ჩვენი თვითმფრინავი, რომელიც გვაქვს, სუ-35, რომელსაც, ვფიქრობ, შეუძლია ბირთვული იარაღის გადატანა.
პუტინმა უპასუხა ლუკაშენკას და შესთავასა საბჭოთა სუ-25-ების ხელახალი აღჭურვა რუსეთში.
ამავდროულად, პუტინთან შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ, AFP-სთან ინტერვიუში ლუკაშენკამ განაცხადა, რომ "ბირთვული იარაღის კატეგორიული წინააღმდეგია".
"ჩვენ არ გვჭირდება ბირთვული იარაღი. ჩვენთვის საკმარისია, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი. საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი ხელშეკრულებით დაიცავს ბელორუსიას, როგორც საკუთარ ტერიტორიას", - განაცხადა მან.