რამდენი წელია ხევის დიდებულებით მოხიბლული და მოხევეებზე უსაზღვროდ შეყვარებული დავიარები, ამ კლდეებისა და ამ ზეცის მოთაყვანე ვარ, მაგრამ თრუსოს ხეობის ნახვა ვერასდროს შევძელი. ვიცოდი მხოლოდ, რომ ხეობა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში. მართალია, საქართველოში არსებობს თუშეთისა და არაგვის ლანდშაფტები, თუმცა არაფერი მსმენოდა თრუსოს ხეობის ლანდშაფტის შესახებ. დღემდე მას არც თერგის ლანდშაფტი ჰქვია და არც – თუნდაც ყაზბეგისა.
სწორედ, საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონში, კალმით ნახატ ხევში – ყაზბეგის რაიონში, კერძოდ, დაბა სტეფანწმინდაში, ერთი წელია, რაც დაარსდა თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის ცენტრი და მომეცა იშვიათი შესაძლებლობა მის ახალ ხელმძღვანელთან, თავისუფლებისმოყვარე ხევის თავდადებულ შვილთან – გელა ფიცხელაურთან და მის მოადგილესთან – ნოდარ ავსაჯანიშვილთან ერთად გავყოლოდი გზას ამ ხილული სამოთხისაკენ. ეს სამსახური ახალი ჩამოყალიბებულია და ჯერ მხოლოდ დიდი და მძიმე შრომის დასაწყისი ეტაპია.
თრუსოს ხეობა ჩვენი ისტორიის სიდიადის უტყვი მოწმეა. აქ უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ქართველები, მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნიდან შემოვიდნენ ოსები. ისინიც მოხევეების გვერდით შრომობდნენ და თანაცხოვრობდნენ. აქვეა მათი სასაფლაოებიც.
ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენი გამაოგნებელი სანახაობა მელოდა, თუმცა ამ საკმაოდ რთული რელიეფის გზაზე მიმავალს მწარედ მახსენდებოდა ჩვენი ავბედითი ისტორიის ბოლო პერიოდი, როცა თრუსოს ხეობასა და "ორი ოსეთის" გაერთიანების იდეაზე ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" წარმომადგენელები ასე უტიფრად ოცნებობენ; მწარედ მომაგონდა მათ მიერ დაანონსებული, თითქოს "სამხრეთ ოსეთი" საქართველოსგან ძალიან მალე კურორტ გუდაურთან ახლო მდებარე ტერიტორიას – გუდას ხეობას მოითხოვდა, ჩრდილოეთი ოსეთი კი – თრუსოს ხეობას.
როცა თრუსოს ხეობას უახლოვდები, ასმაგად მძაფრდება განცდა, რომ ეს ადგილი დიდი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მართლაც გოდოლია, გაუტეხელი სიმაგრეა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა, ქართველთა ერთიანობისა. ამ ემოციებით შეპყრობილმა გავიარე ვრცელი გზა სოფელ კობიდან სოფელ აბანომდე, მართლაცდა, რა არ ვიხილე, რა არ ვნახე, რას არ ვუყურე: მივდიოდით და ყველაზე მძიმე ამდენი ნასახლარის, ფუძე და კერიამოშლილი სახლების, ჩამონგრეული კედლებისა და ნასოფლარების უტყვი ღაღადი იყო. მერედა, რამდენი სოფელი ყოფილა აქ: აბანო, ალმასიანი, ბურმასიგი, გიმარა, დესი, ზემო ოქროყანა, კართსოფელი, კეტრისი, მნა, ნოგყაუ, რესი, სუათისი, ტეფი, უხათი, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, ცოცოლთა... არც თუ შორეულ წარსულში აქ იყო მაღაზიები, სამკითხველოები, ისმოდა ბავშვების ჟრიამული, ოსი ლამაზმანები აცხობდნენ ხაბიზგინებს, ვაჟები ეტრფოდნენ ყელმოღერებულ ასულებს, იმართებოდა ქორწილები, დღეობები, იკვლებოდა ცხვარ–ძროხა, წვავდნენ მწვადებს... ითესებოდა კარტოფილი, აწარმოებდნენ ყველს, რძეს, საქონლის ხორცს – ფაქტობრივად, თრუსოს ხეობა იყო ბეღელი საქართველოსი. მერე ავბედით 90–იან წლებში დაიცალა ეს ადგილები. წავიდნენ ოსებიც და მიატოვეს თავიანთი მშობლებისა და ახლობლების საფლავები. ამჟამად ხეობაში, ძირითადად, საძოვრებია მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვისათვის.
ყველაზე თვალშისაცემი ამდენი ციხე–კოშკი, ნიში და სალოცავია, ამ სალი კლდეებიდან რომ შემოგვცქერიან. ხეობა მდიდარია მინერალური წყლებით, მათგან გამოლექილი ტრავერტინებით. გამჭვირვალე წყალი თხელ ფენად ეფინება მათს თეთრ ზედაპირს და აჩენს უამრავ მოკამკამე პატარა გუბეს, თუმცა ზოგან სითეთრის ნაცვლად მოშავო ფერი დაჰკრავს და ეს კი ნიშანია იმისა, რომ სასწრაფო მიხედვასა და მზრუნველობას საჭიროებს. აბანოს მინერალურ ტბასა და თრუსოს ტრავერტინებს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია თრუსოს ნასოფლარების ციხე-კოშკებიც, საცხოვრისები და რელიგიური ძეგლები.
სრული შოკი იყო, როცა აქ, ისტორიულ დვალეთში, სოფელ აბანოში – ამ უკაცრიელ, მიუვალ ადგილას დედათა და მამათა მონასტრები ვნახე. 2010 წელს სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელის ლოცვა-კურთხევით საფუძველი ჩაეყარა 12 წმინდა მოციქულის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობას, ხოლო 2014 წლის 21 სექტემბერს აღდგა და იკურთხა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი და დედათა მონასტერი. უყურებ და ფიქრობ, აი, რა არის მონასტრული ცხოვრების ღვაწლი, აი სად არის შენარჩუნებული და დაცული მთავარი პრინციპები ბერმონაზვნობისა. მათი შრომა და ლოცვა იქ, სადაც ორბნი, არწივნიც კი ვერ მისწვდებიან, ადასტურებს რომ, რაც შეუძლებელია ადამიანის მიერ, შესაძლებელია ღვთისაგან!
ჩემმა ერთგულმა მოხევემ – გელა ფიცხელაურმა – მითხრა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოჰყო თანხა, რომლითაც შეუძენიათ ის მაღალი გამავლობის მანქანა, რომლითაც ამ გზას გავდიოდით; სპეცფორმაში გამოწყობილმა მოადგილემ ჩუმი, თუმცა მრავლისმეტყველი სიმდაბლით დაასუფთავა ტერიტორია, სადაც კი ტურისტს გაუვლია და თავისი კვალი დაუტოვებია. ცენტრის თანამშრომლები შემოდიან, პატრულირებენ, ასუფთავებენ ტერიტორიას. ამჟამად ეს სამსახური დაბა სტეფანწმინდის მერიის შენობის ერთ ოთახშია განთავსებული. წესით, აქ რატომ უნდა მქონდეს ოფისი და არა, საკუთრივ თრუსოს ხეობაშიო – ამბობს ბატონი გელა და იმედი აქვს, რომ ეს პრობლემაც გადაიჭრება. უკვე მისმა სამსახურმა ზუსტად იცის, ვინ შემოვიდა, რამდენი სულია შესული ხეობაში; ინტენსიურად ეწევიან არსებული ისტორიული ძეგლების აღნუსხვასა და ფოტოგრაფირებას, რადგან ამ ტიპის სამუშაოები სერიოზულად დაეხმარება ხეობის ტურიზმის განვითარებას. თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის ცენტრი ამჟამად ფიქრობს ისტორიულ–კულტურულ ძეგლებამდე, ციხე–კოშკებსა და სალოცავებამდე მისასვლელი ბილიკების მოწყობასაც; იმასაც ცდილობენ, რომ დაიდგას ნიშნები, რომლებზეც მითითებული იქნება, ტურისტებმა სად გააკეთონ საცეცხლურები, სად მოაწყონ კარვების გასაშლელი და ღამის გასათენებელი ადგილები. რაოდენ სასიამოვნო და იმედის მომცემია იმის მოსმენა, რომ ცენტრმა მოიწვია ჩეხი ექსპერტები, რომლებიც აღფრთოვანებული შესცქეროდნენ თრუსოს ამ, მართლაც, ხელთუქმნელ ბუნებას. მათ შეიმუშავეს რეკომენდაციები, მოიხაზა მოქმედების გარკვეული სტრატეგია; ამ დიდი და საჭირო საქმის აქტუალიზაცია, მისი წინ წამოწევა, სახელმწიფო დონეზე ფუნდამენტური პრობლემების მოგვარება იქცა დღის ძირითად წესრიგად. გელა ფიცხელაურს კარგად ესმის ისიც, რომ მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ან შესაბამისი სამინისტრო ვერ გადაწყვეტს პრობლემებს; რომ საჭიროა უცხოელი დონორების მოზიდვა, საგრანტო პროექტების დაწერა და დაფინანსების ახალი წყაროების მოძიება...
მოკლედ, საქართველოს ამ ხელთუქმნელ სილამაზეს, ამ სტრატეგიულ ადგილს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა, ერისა და ბერის გაერთიანება, ფხიზელი ყური და თვალი, რათა აქ ისმოდეს ქართული სიტყვა, ქართული გალობა, მოდიოდეს ბევრი ქართველი, რათა ლელთ ღუნიას საწუხარი ("აწინა რუსობაჩი ვარნ") განეიტრალებული იყოს და დარიალიდან ნამღერს ბანს თრუსოს ხეობაც აძლევდეს!
საბა მეტრეველი