ლატვიის დედაქალაქ რიგაში, გამარჯვების პარკში დაიწყეს საბჭოთა ეპოქის მონუმენტის დემონტაჟი, რომელიც "ნაცისტურ გერმანიაზე წითელი არმიის გამარჯვებას" განასახიერებს.
მონუმენტის დემონტაჟის დაწყების დღე, 23 აგვისტო დაემთხვა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების დღეს, რომელსაც ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა 1939 წლის 23 აგვისტოს მოაწერეს ხელი. ამ პაქტით ბერლინი და კრემლი ცენტრალური ევროპის დანაწილებაზე შეთანხმდნენ.
2009 წელს ევროპის პარლამენტმა 23 აგვისტო, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების დღე, გამოაცხადა სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.
მონუმენტის ირგვლივ ტერიტორია შემოსაზღვრულია, ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა. სამართალდამცავმა უწყებებმა მოსახლეობას წინასწარ მოუწოდეს, არ შეკრებილიყვნენ ძეგლთან.
დემონტაჟის დაწყების დროს ძეგლთან მღელვარება არ დაფიქსირებულა. ერთი დღით ადრე მისი დანგრევის საწინააღმდეო საპროტესტო აქციაზე შვიდი ადამიანი დააკავეს.
ძეგლის დემონტაჟი დაახლოებით 2 მილიონი ევრო დაჯდება, დანგრევის შემდეგ კი ტერიტორიის კეთილმოწყობაზე 200 ათასი ევრო დაიხარჯება.
მონუმენტური კომპლექსი შედგება 79 მეტრის სიმაღლის ობელისკისა და ქანდაკებების ორი ჯგუფისგან - "დედა სამშობლო" და სამი ჯარისკაცი. 79-მეტრიან სვეტს თავზე ადგას საბჭოთა სიმბოლო, წითელი ვარსკვლავი.
"რიგის განმათავისუფლებელთა" ძეგლის აღების საკითხი არა ერთხელ დაისვა. დისკუსია უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე განახლდა.
შეგახსენებთ, მაისში ლატვიის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დაამტკიცა რუსეთთან ორმხრივი ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების საკითხი მემორიალური ნაგებობების შენარჩუნების შესახებ. კერძოდ, შეჩერდა ორმხრივი დოკუმენტის მე-13 მუხლის მოქმედება, რომლის თანახმადაც, "ლატვიური მხარე უზრუნველყოფს ლატვიის ტერიტორიაზე ჯარისკაცების მემორიალური ძეგლების, სამარხებისა და საფლავების მოვლა-პატრონობას, გაუმჯობესებას და შენარჩუნებას".
ლატვიელთა უმეტესობა 9 მაისსა და "ნაცისტური გერმანიისგან საბჭოთა განმათავისუფლებელთა" მონუმენტს აღიქვამს, არა როგორც ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების სიმბოლოდ, არამედ საბჭოთა კავშირის მიერ ლატვიის ოკუპაციის განახლების სიმბოლოდ.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ლატვიელების დაახლოებით სამი მეოთხედი დანგრევას ემხრობა. დაახლოებით ამდენივე ეთნიკურად რუსი ეწინააღმდეგება ძეგლის დანგრევას.