არაბეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი ირანში საიფ მოჰამედ ალ ზააბი უახლოეს დღეებში დაბრუნდება თეირანში. ნათქვამია არაბული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ელჩის დაბრუნების გადაწყვეტილება შეესაბამება საამიროების ძალისხმევას, გააძლიეროს ურთიერთობები ირანთან "ორი ქვეყნისა და მთელი რეგიონის საერთო ინტერესების მისაღწევად".
არაბული მედიის ინფორმაციით, საამიროებისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს და განიხილეს ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.
"საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხ აბდულა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა და მისმა ირანელ კოლეგამ ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზები და თანამშრომლობის სფეროები ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ", - იტყობინება სააგენტო WAM.
მანამდე, აგვისტოს დასაწყისში, ქუვეითმა დანიშნა ირანში პირველი ელჩი 2016 წლის შემდეგ.
არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები 2016 წელს დროებითი რწმუნებულის დონემდე შეამცირა და თეირანიდან ელჩი გაიწვია მას შემდეგ, რაც ირანელი მომიტინგეები შეიჭრნენ საუდის არაბეთის დიპლომატიურ მისიებში ირანში, რიადის მიერ ცნობილი შიიტი სწავლულის ნიმრ ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯის გამო.
მაშინ საამიროებმა ეს გადაწყვეტილება ახსნა "თეირანის განგრძობითი ჩარევით სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და არაბული ქვეყნების შიდა საქმეებში".
არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და ქუვეითმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე 2016 წელს შეამცირეს საუდის არაბეთის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, თეირანსა და რიადს შორის განხეთქილების შემდეგ.