თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი, შესაძლოა, 2022 წლის შემოდგომაზე გადმოიტანონ. იტყობინება გერმანული გაზეთი Welt-ი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
გაზეთის თანახმად, არსებობს გარკვეული ნიშნები იმისა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი არჩევნების ვადაზე ადრე გამართვას აპირებს და საორგანიზაციო სამუშაოები, შესაძლოა, "საკმაოდ სწრაფადაც ჩატარდეს".
ერდოღანის მოახლოებული არჩევნებისთვის მზადების დამადასტურებელ ნიშნებს შორის დიპლომატები ასახელებენ თურქეთის პრეზიდენტის აქტიურობის ზრდას საერთაშორისო პოლიტიკაში - მის შუამავლობას დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის ფონზე, ასევე სირიის მიმართულებით გააქტიურებასა და ხმელთაშუა ზღვაში გაზის მოპოვების პროგრამის განახლებას.
9 აგვისტოს თურქეთის მერსინის პორტიდან გავიდა გემი "აბდულჰამიდ ხანი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საბადოების ძიებით იქნება დაკავებული. გარდა ამისა, აგვისტოს შუა რიცხვებში ერდოღანი პირადად ეწვია უკრაინას, სადაც შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკისა და გაეროს გენერალურ მდივან გუტერეშს.
გაზეთის წყაროების თქმით, ყველა ეს ქმედება მიზნად ისახავს თურქეთის ლიდერის ძლიერების დემონსტრირებას, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე.
გარდა ამისა, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ზაფხულის ტურისტული სეზონის შემდეგ, ეკონომიკის მოკლევადიანი აღდგენა, რაც გააუმჯობესებს საზოგადოებრივ განწყობას და ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებს ერდოღანს.
ერდოღანმა ივნისის დასაწყისში განაცხადა, რომ აპირებს მესამე ვადით იყაროს კენჭი პრეზიდენტის თანამდებობაზე.
ბოლო წლებია თურქეთში ეკონომიკური კრიზისია. წლიური ინფლაცია 2022 წლის ივლისში 79,6 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალია 1998 წლის შემდეგ, ხოლო ფასები მხოლოდ ერთ თვეში 2,37 პროცენტით გაიზარდა. ეს არის სავალუტო და ეკონომიკური კრიზისის მორიგი რაუნდის შედეგები, რომელშიც ქვეყანა რამდენიმე წელია იმყოფება.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის შემოჭრის ეკონომიკურმა შედეგებმა და ლირის მუდმივმა ვარდნამ, ფასების ზრდა კიდევ უფრო შეუწყო ხელი. 2021 წელს ვალუტა დოლართან მიმართებაში 44 პროცენტით დასუსტდა და წელს კიდევ 27 პროცენტით დაეცა.
რეჯებ ტაიპ ერდოღანმა პირველად საპრეზიდენტო არჩევნებში 2014 წელს გაიმარჯვა. 2018 წელს კვლავ აირჩიეს სახელმწიფოს მეთაურად. მანამდე, 2003-2014 წლებში მას თურქეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.