გერმანიაში კანცლერ ოლაფ შოლცისა და მმართველი კოალიციის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში ხელისუფლებაში მოვიდნენ.
გამოკითხვა ყოველკვირეული გამოცემის Bild am Sonntag-ის დაკვეთით, სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა Insa-მ მოამზადა. შედეგები 21 აგვისტოს გამოქვეყნდა.
გამოკითხვის თანახმად, გერმანელთა თითქმის ორი მესამედი - 62% უკმაყოფილოა შოლცის მუშაობით, მხოლოდ 25 პროცენტია კმაყოფილი კანცლერის მიერ მიღწეული შედეგებით.
რეკორდულად დაეცა მმართველი კოალიციის რეიტინგიც. ფედერალური მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა გამოკითხულთა 65 პროცენტი, კმაყოფილებას მხოლოდ 27 პროცენტი გამოთქვამს.
მარტის დასაწყისში შოლცის მოწონების რეიტინგი 46 პროცენტს აღწევდა, ხოლო მმართველი კოალიციის მოწონების რეიტინგი - 44%-ს.
გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ კანცლერის პირდაპირი არჩევის შემთხვევაში ოლაფ შოლცი ახლა მხოლოდ მესამე ადგილს დაიკავებდა და ხმების 18 პროცენტს დააგროვებდა. პირველ ადგილს დაიკავებდა "მწვანეების" ლიდერი და ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი 25 პროცენტით, ხოლო მეორე ადგილს - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე ფრიდრიხ მერცი 19 პროცენტით.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, პოზიციები ოდნავ გაიმყარა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკმა (CDU/CSU). მას ახლა გერმანელების 28% უჭერს (პლუს ერთი პროცენტი). ეს ნიშნავს, რომ CDU/CSU ახლა შვიდი პროცენტით უსწრებს მწვანეებს, რომელთა რეიტინგი ერთ კვირაში ერთი პროცენტით დაეცა 21 პროცენტამდე.