1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის 15 აგვისტოს ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანი" ავღანეთს დაეპატრონა.
გასულ წელს, 20-წლიანი სამხედრო ყოფნის შემდეგ, ავღანეთიდან შეერთებული შტატებისა და ნატოს ძალების გასვლის ფონზე, "თალიბანის" მებრძლებმა მოკლე დროში დაიპყრეს ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორია.
ბევრი ავღანელი მაღალჩინოსანი, მათ შორის პრეზიდენტი აშრაფ ღანი, ქვეყნიდან გაიქცა.
ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ, თალიბანის მიერ ჩამოყალიბებული მთავრობა ოფიციალურად არ არის აღიარებული მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფოს მიერ.
"თალიბანის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავღანეთში კიდევ უფრო გაღრმავდა ეკონომიკური და სოციალური, ჰუმანიტარული კრიზისი.
ვაშინგტონმა ქაბულის ცენტრალური ბანკის 7 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივები გაყინა. საერთაშორისო დონორებმა დატოვეს ავღანეთი, რის შედეგადაც ქაბული სუბსიდიების გარეშე დარჩა, რომელიც ფარავდა სახელმწიფო ხარჯების სამ მეოთხედს.
"თალიბანმა" ავღანეთში მყისიერად გააუქმა ქალთა საკითხთა სამინისტრო და მის ბაზაზე შექმნა სათნოების გავრცელებისა და მანკიერების აღკვეთის სამინისტრო. ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე, მებრძოლებმა დაიწყეს ქუჩებში ქალის გამოსახულებების გაქრობა.
ავღანელი ქალი ტელეწამყვანები აიძულეს ეთერში სახე დაიფარონ.
"თალიბანმა" აკრძალა თითქმის ყველანაირი სახის გართობა. დაიხურა ისტორიული კინოთეატრი, რომელიც ქაბულში რამდენიმე ათეული წელი ფუნქციონირებდა. კინოთეატრების მუშაობა, სადაც ძირითადად ინდური, ევროპული და ამერიკული ფილმები იყო ნაჩვენები, ეწინააღმდეგება შარიათის კანონებს.
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, "თალიბანმა" ქალებისთვის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ნიქაბის ტარება სავალდებულო გახადა. ამავდროულად, სავალდებულო გახდა გაკვეთილების ქალებისა და კაცებისთვის ცალ-ცალკე ჩატარება.
"თალიბანის" უზენაესმა ლიდერმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც ქალებს გარეთ გასვლას უკრძალავს სახის დაფარვის გარეშე. ქალის მიერ დადგენილების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მამას ან სხვა ახლო მამრობითი სქესის ნათესავს.
გაეროს ინფორმაციით, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, "თალიბანმა" დაარღვია ადამიანის მრავალი უფლება, რომელთაგან ყველაზე აშკარაა ქალებისა და გოგონების ფაქტობრივი გაქრობა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, ისევე როგორც მათი სისტემური ჩაგვრა.
რთულ ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით, 2021 წლის დეკემბერში გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის ხელშეწყობას.
ჰუმანიტარული დახმარების მიუხედავად, ქვეყანას სერიოზული სასურსათო კრიზისი აქვს. გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისმა განაცხადა, რომ "დღეს დაახლოებით 25 მილიონი ავღანელი სიღარიბეში ცხოვრობს".
თალიბებმა 15 აგვისტო - ავღანეთში მათი ძალაუფლების დამყარების წლისთავი - სახალხო დღესასწაულად გამოაცხადეს.
ფოტოები: EPA, AP, Getty Images