3-6 დეკემბერს ბათუმი "გიდების ფორუმს" უმასპინძლებს. რეგიონული კონფერენცია სასტუმრო "შერატონში" გაიმართება.
კონფერენეცია განიხილავს სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს შორის რეგიონული ტურიზმის პრობლემებსა და პერსპექტივებს, ტურისტული გიდების სტანდარტიზაციისა და გადამზადების პრობლემატურ საკითხებს. ადგილობრივი ტურისტული კადრების მომზადებისა და შესაბამისი ტრანსასაზღვრო ტურისტულ პროექტებში ჩართვის პერსპექტივებს.
კონფერენციის ორგანიზატორთა განმარტებით, საქართველო ამ მასშტაბის ღონისძიებას პირველად მასპინძლობს, რომელიც ეხმაურება ტურისტული გიდების თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიასა და თურქეთში, როგორც ერთიან ტურისტულ რეგიონში.
აღნიშნული კონფერენცია ეწყობა საქართველოს გიდების ასოციაციის (სგა) მიერ, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (Gთძ), სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარების პროგრამის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (ტურიზმის ეროვნული სააგენტოს), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმენტის) და ტურიზმის განვითარების ცენტრის "ნიუკასის" მხარდაჭერით.
"ტურისტული გიდების ხარისხიან მომსახურებას შეუძლია განსაკუთრებული წვლილის შეტანა ტურისტული რეგიონის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. გიდების როლი კავკასია-თურქეთის ტურისტული რეგიონის განვითარებაში ხაზს უსვამს გიდების გადამზადების საერთო სტანდარტების, ინფორმაციის გაცვლისა და სასწავლო პროგრამების ერთობლივი პროექტების აუცილებლობას", - აცხადებს "გიდების ასოციაციის" დირექტორი გიორგი დარციმელია.
ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სფეროს საკვანძო საკითხებზე ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, გიდების ასოციაციებისა და თრეველ-მედიის გამოფენის მოწყობა, ერთობლივი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა.
ფორუმს ტურისტული გიდების ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის (ჭFთGA) ხელმძღვანელობა - პრეზიდენტი როზალინდ ნიულენდსი და ვიცე-პრეზიდენტი ფელისიტას ვრესნიგი დაესწრებიან.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო "თრეველ მედია", საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი ასოციაციები, ასევე სამთავრობო და აკადემიური უწყებანი, აკადემიური სექტორი.