დღეს, 3 დეკემბერს, ფონდ "იავნანას" პრეზიდენტს, პაატა ბურჭულაძეს, საქართველოში "იუნისეფის" კეთილი ნების ელჩის წოდებას გადასცემენ. ცერემონიალი სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება.
ბურჭულაძეს ამ წოდებას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში გადასცემს.
იუნისეფის კეთილი ნების ელჩები მთელ მსოფლიოში თავიანთ შესაძლებლობას ბავშვთა უფლებების დაცვისთვის მიმართავენ. ისინი საზოგადოებასა და მთავრობებს მომავალი თაობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებენ.
ცერემონიალს პაატა ბურჭულაძესთან ერთად მსოფლიოში აღიარებული ბარიტონი დიმიტრი ხვოროსტოვსკი, ასევე ცნობილი იმპრესარიო მარკ ჰილტრუ დაესწრებიან.
პაატა ბურჭულაძეს გაეროს კეთილი ნების ელჩის წოდება 2006 წელს მიენიჭა, ამჟამად კი მას ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩის წოდება მიენიჭება.
იუნისეფის კეთილი ნების ელჩები არიან დევიდ ბეკჰემი, ჰარი ბელაფონტე, ორლანდო ბლუმი, ვუპი გოლდბერგი, რიკი მარტინი, ლეო მესი, სუზან სარანდონი, როჯერ მური, ვანესა რედგრეივი, პაოლო მალდინი, კლდაუდია შიფერი, ევან მაკგრეგორი, რალფ ფაინსი, რობი უილიამსი.