ხვალ, 3 დეკემბერს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საქართველოსა და პორტუგალიის მთავრობებს შორის ორმხრივი მემორანდუმის ხელმოწერა გაიმართება.
თანამშრომლობა შეეხება კულტურულ ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, ასევე განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიის, სპორტის, ახალგაზრდობისა და მასმედიის საკითხებს. მემორანდუმის გაფორმების მიზანია პორტუგალიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება საერთო პროგრამების განხორციელებითა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით.
მემორანდუმში გათვალისწინებული პუნქტები მომავალში ორივე ქვეყნის ხელშეწყობით და მათი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. ეს ეხება კულტურული გაცვლითი პროგრამების ჩამოყალიბებას, კულტურული კავშირების გაღრმავებას განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და უმაღლესი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და მასმედიის საკითხებში; ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებას პორტუგალიასა და საქართველოში; ორმხრივი გამოცდილების გაზიარებას კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში.
მემორანდუმს ქართული მხრიდან ხელს მოაწერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, ხოლო პორტუგალიის მხრიდან პორტუგალიის რესპუბლიკის სახელმწიფო და საგარეო საქმეთა მინისტრი ლუის ფილიპე მარკეშ ამადუ.