უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ გვიან ღამით გამოეხმაურა ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე რუსეთის ავიაბაზაზე მომხდარ აფეთქებებს.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.
"რუსეთის ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმით უნდა დასრულდეს მისი გათავისუფლებით.
რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია. მაგრამ ჩვენ დავუბრუნდებით უკრაინულ ყირიმს. ხარკოვის ოლქიდან ხერსონამდე, დონეცკიდან ენერგოდარამდე, ლუგანსკიდან იალტამდე, ბერდიანსკიდან ნოვოფედორივკამდე – ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ნაწილია, ეს ყველაფერი უკრაინაა, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნება", - თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 9 აგვისტოს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ავიაბაზაზე აფეთქებები იყო. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, დაშავებულია ხუთი ადამიანი. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ეს არ არის უკრაინული მხრიდან თავდასხმა და აფეთქება ბაზაზე, იარაღის საწყობში მოხდა.
აფეთქებები ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ბაზაზე, ქალაქ ნოვოფედოროვკის მახლობლად მოხდა.