შვეიცარიის ხელისუფლებამ, უკრაინაში ომის გაჩაღების გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. ინფორმაცია ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შვეიცარიის ახალი სანქციებით გათვალისწინებული შეზღუდვები შეესაბამება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციების მეშვიდე პაკეტს.
ახალი შეზღუდვები უმთავრესად მოიცავს რუსული ოქროს იმპორტისა და ამ საქონელთან დაკავშირებული მომსახურების აკრძალვას.
ფედერალური საბჭოს თანახმად, რუსეთიდან ოქროსა და ოქროს ნაწარმის შესყიდვის, იმპორტისა და ტრანსპორტირების აკრძალვა 3 აგვისტოდან ამოქმედდება.
"ასევე აკრძალულია ამ საქონელთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, შვეიცარიამ სანქციები დაუწესა რუსეთის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს, "სბერბანკს" და გაყინა მისი აქტივები.
განცხადების ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ "რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული არცერთი სანქცია არ არის მიმართული მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტებით ვაჭრობის წინააღმდეგ".
შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი 21 ივლისს დაამტკიცა.