რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა სავარაუდოდ იცოდა ლონდონში მიმდინარე ოპერაციის შესახებ, რომლის მიზანიც ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობა იყო. წერს ბრიტანული " The Guardian " და აღნიშნავს, რომ სწორედ ამას ამტკიცებდა მაღალჩინოსანი ამერიკელი დიპლომატი ევროპაში პარიზთან მიმდინარე საიდუმლო მოლაპარაკებების დროს.
ლიტვინენკოს მკვლელობიდან ორი კვირის შემდეგ 2006 წლის 7 დეკემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დენიელ ფრიდი საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის მთავარ მრჩეველს დიპლომატიის საკითხებში მორის გურდო-მონტენს შეხვდა. როგორც თავის სტატიაში ჟურნალისტი ლიუკ გარდინგი წერს გურდო-მონტენს "არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ ლიტვინენკოს მკვლელობაში კრემლის ხელი ერია და მან ყოველივე ამის მიწერა თვითნებურად მოქმედი ელემენტებისათვის გადაწყვიტა. მან ასევე მოუწოდა დასავლეთს უფრო მეტი სიფრთხილით მიუდგნენ რუსულ მხარესთან ურთიერთობას.
"ფრიდმა განაცხადა, რომ მოკლევადიანი ტენდენციები რუსეთის შიგნით - ნეგატიურია და აღნიშნა, რომ ლიტვინენკოს მკვლელობის ბრიტანული გამოძიება სავსებით შეიძლება მივიდეს ამ მკვლელობაში ამა თუ იმ ფორმით რუსეთის მონაწილეობაზე. გურდო-მონტენმა მაშინ ხმამაღლა დასვა კითხვა, ვის შეეძლო ლიტვინენკოს მკვლელობის ბრძანება გაეცა, ამასთან ერთად მან გამოქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა მკვლელობა სპეცსამსახურებს შორის დაპირისპირების გამო მომხდარიყო და მასში სულაც არ მიეღო მონაწილეობა კრემლს. ფრიდმა აღნიშნა რა რომ ვლადიმერ პუტინი ყურადღებიანია დეტალების მიმართ, კითხვითვე უპასუხა და დაინტერესდა შესაძლებელია თუ არა, რომ თვითნებურად მოქმედ ელემენტებს რამე გაეკეთებინათ და მით უფრო დიდ ბრიტანეთში პუტინის ნების გარეშე. მან ახლანდელ ატმოსფერას უცნაური უწოდა და განაცხადა, რომ რუსები სულ უფრო დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში ისე რომ ქედმაღლობის ზღვრამდეც მიდიან", _ წერს The Guardian "-ი.
გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ " WikiLeaks"-ის მიერ გამოქვეყნებულ დიპლომატიურ დეპეშებში არის მონაცემი იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიის ხელისუფლებამ თავის ქვეყანაში დიმიტრი კოვტუნის მიერ დატოვებული "პოლონიუმის კვალი" აღმოაჩინა. გერმანიის ხელისუფლებას "აეროფლოტის" იმ თვითმფრინავის შემოწმებაც კი სურდა, რომლითაც კოვტუნი გერმანიაში ჩაფრინდა, თუმცა დიპლომატიურ დეპეშაში ნათქვამია, რომ "აეროფლოტმა" ბოლო წუთს შეცვალა თვითმფრინავი.