ოდესის პორტი, ომის დაწყების შემდეგ, მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ოლექსანდრ კურბაკოვის განცხადებით, სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი RAZONI 1-ელ აგვისტოს ზღვაში გავიდა და ლიბანისკენ მიემართება.
სტამბოლში გახსნილი მარცვლეულის ექსპორტის კონტროლის ცენტრის თანახმად, ხომალდი 26 000 ტონაზე მეტი უკრაინული სიმინდითაა დატვირთული. ცენტრის თქმით, ხომალდის თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლას 2 აგვისტოს ელოდებიან. შემოწმების შემდეგ გემი ტრიპოლისკენ გაემართება.
საკოორდინაციო ცენტრი დაარეგისტრირებს სავაჭრო გემებს და თვალყურს მიადევნებს მათ მოძრაობას, თანამგზავრული მონაცემების დახმარებით. ამასთან, ბოსფორის სრუტის გავლისას, გემები გაივლიან შემოწმებას, რათა დადასტურდეს, რომ ბორტზე იარაღი არ იქნება.
საკოორდინაციო ცენტრის შექმნა შესაძლებელი გახადა სტამბოლის შეთანხმებამ, რომელიც 22 ივლისს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა. ეს შეთანხმება მიზნად ისახავს უკრაინული პორტების ბლოკადის დასრულებას.
გაეროს გენერალური მდივნის თქმით, მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ექსპორტი განხორციელდება უკრაინის სამი პორტიდან - ოდესიდან, ჩორნომორსკიდან და იუჟნიდან.