აშშ-ში, კენტუკის შტატის აპალაჩიის რეგიონში ძლიერი წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა.
კენტუკის შტატის გუბერნატორის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება. მისივე თქმით, დატბორილია ასობით სახლი და დაწესებულება, დაზიანებულია ელექტროქსელები.
გუბერნატორის განცხადებით, წყალდიდობა ყველაზე შემზარავი კატასტროფაა, რაც შტატს ათწლეულების განმავლობაში უნახავს.
"აპალაჩიის რეგიონში ადრეც ყოფილა წყალდიდობები, მაგრამ მსგავსი არაფერი", - თქვა გუბერნატორმა.
დაღუპულთა შორის სულ მცირე ექვსი ბავშვია, მათ შორის ერთი წლის. როგორც გუბერნატორი ამბობს, დაღუპულთა შორის 4 მცირეწლოვანი და-ძმის ცხედარი აღმოაჩინეს, მათგან ყველაზე უფროსი 8 წლის, ხოლო უმცროსი 1 წლის იყო.
"ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია იქ, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიპოვოთ ისინი ყველა", - თქვა მან და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შესაძლოა კვირები დასჭირდეს ყველა მსხვერპლის პოვნას.
ძლიერი წყალდიდობის მიუხედავად, მაშველებმა ნავებით და ვერტმფრენებით ასობით ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ადგილობრივ მაშველებს აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სამსახურის თანამშრომლებიც ეხმარებოდნენ.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კენტუკი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარებისთვის საჭირო თანხების ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფის განკარგულება გასცა.