საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში 5 სართულიანი, 5 ვარსკვლავიანი, 27 ნომრიანი სასტუმრო აშენდა. სულ ცოტა ხნის წინ კი სასტუმროში 80 ადამიანზე გათვლილი ლაუნჯი და ტერასაც გაიხსნა.
პროექტის ჯამური ბიუჯეტი 7 მლნ ლარია, საიდანაც ბანკის თანამონაწილეობა 3.5 მლნ ლარს შეადგენს.
„ბანკთან დიდი ხანია ვპარტნიორობთ და სწორედ მათთან თანამშრომლობით, სულ ახლახან, სასტუმროში 80 ადამიანზე გათვლილი ლაუნჯი და ტერასაც გავხსენით. ჩვენს სასტუმროს გამოარჩევს მდებარეობა, ის არის ბაკურიანის ცენტრიდან 700 მეტრში, ცენტრალური გზის პირას და აღჭურვილია მაღალი კატეგორიის ნომრებით. შენობის საერთო ფართი 1750კვ.მ-ია. სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო და ბავშვთა გასართობი ოთახი; 500კვ.მ.-ზე დახურული ეზო. სასტუმროში უკვე განთავსებულია სპა და ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ დრო სასიმოვნოთ გაატარონ. უახლოეს მომავალში ტერასას აუზიც შეემატება. მზადების პროცესშია ფიტნეს დარბაზიც. ჩვენ არ ვჩერდებით და ასევე ვგეგმავთ კიდევ უფრო გაფართოვდეთ. კერძოდ, ვაპირებთ ქართული რესტორნის მოწყობას, ასევე რამდენიმე კოტეჯის მშენებლობას, რომელიც სასტუმროს დამატებით 12 ნომერს შესძენს“, - განაცხადა სასტუმროს დირექტორმა, გოგა ტალახაძემ.
„მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს, რომელიც მუდმივად ფიქრობს განვითარებაზე. ჩვენ როგორც სტუმარმასპინძლობის ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ რეგიონში ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მოიზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურისტებს. სასტუმრო მდებარეობს ბაკურიანის ცენტრში პრესტიჟულ ადგილას, რაც იძლევა შესაძლებლობას, ისრიალო სამ უმთავრეს სათხილამურო ტრასაზე: დიდველი, კოხტაგორა და მიტარბი. სასტუმრო ასევე ახლოსაა ბორჯომის პარკთან. სასტუმროს ჰყავს პროფესიონალი მომსახურე პერსონალი, რომლებიც მუდამ მზადაა დასახმარებლად. სწორედ ეს ფაქტორები გამოარჩევს Hotel Sapphire Bakurian-ს და გვჯერა ის საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის კუთხით“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.