გურამ მაჭარაშვილი ფრაქციას "ქართულ ოცნებას" ტოვებს. როგორც თავად განმარტავს, პარტიის პოლიტიკასთან და იდეებთან შეუთავსებლობა არ აქვს და სრულად იზიარებს "ოცნების" რიტორიკას, თუმცა საჭიროდ მიიჩნევს, საქმიანობა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა გააგრძელოს, რადგან არ სურს გუნდს უხერხულობა შეუქმნას.
როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნებიდან" წასულ სამ დეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს, სოზარ სუბარსა და მიხეილ ყაველაშვილს შეუერთდება.
შესაბამისად, გურამ მაჭარაშვილი ტოვებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობასაც.