საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმიანება VTB ბანკის შესყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს და განცხადებას ავრცელებს.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ოფიციალურად მათთან ბანკის ყიდვასთან ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ ვითიბი ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
გამომდინარე იქიდან, რომ ვითიბი ბანკი არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ VTB BANK Georgia-ს შეძენას რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი აპირებს.
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ, დასავლეთმა არაერთ რუსულ ბანკს, მათ შორის VTB ბანკს სანქციები დაუწესა. ბანკის საქართველოს ფილიალმა სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზისბანკზე გაასხვისა, კორპორაციული საბანკო პორტფელი კი "ლიბერთი ბანკს" გადაეცა.