VTB ბანკი ქართულ ბაზარს ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქს"-თან ინტერვიუში ადასტურებს ბანკის ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი.
კოსტინის განცხადებით, ბანკი მხოლოდ საქართველოს ბაზრიდან გადის, სხვა ქვეყნებში კი განაგრძობს მუშაობას.
"ერთი შემთხვევის გარდა, ჩვენ არსად არ ვყიდით [შვილობილ ბანკებს]. პრინციპული პოზიცია გვაქვს, ყველგან დავრჩით. ჩვენ მხოლოდ საქართველოდან მივდივართ, მაგრამ იქ ცოტა სხვა ვითარებაა. ხოლო აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთში, ინდოეთში ჩვენ ვრჩებით და განვაგრძობთ ეროვნულ და კერძო ადგილობრივ ბანკებთან თანამშრომლობას. ჩვენ ვხედავთ ჩვენი ბიზნესის პერსპექტივებს ამ ქვეყნებში", - თქვა კოსტინმა.
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ, დასავლეთმა არაერთ რუსულ ბანკს, მათ შორის VTB ბანკს სანქციები დაუწესა. ბანკის საქართველოს ფილიალმა სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზისბანკზე გაასხვისა, კორპორაციული საბანკო პორტფელი კი "ლიბერთი ბანკს" გადაეცა.