18 ივლისს , ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე.
"აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკულ სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დღეს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ მყარი საფუძველი დავდეთ ამ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ამრიგად, აზერბაიჯანი თანდათან გადაიქცევა ნავთობისა და გაზის მიმწოდებლიდან ევროკავშირში განახლებადი ენერგიის საიმედო მიმწოდებლად", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ალიევთან შეხევდრის შემდეგ.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, მხარეთა მიზანია, გაორმაგდეს ბუნებრივი აირის მიწოდება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში რამდენიმე წელიწადში.
"ევროკავშირი ენერგეტიკის სანდო მომწოდებლებს მიმართავს. აზერბაიჯანი ერთ-ერთი მათგანია. დღევანდელი შეთანხმებით ჩვენ ვიღებ ვალდებულებას გავაფართოვოთ სამხრეთ გაზის დერეფანი, გავაორმაგოთ გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში. ეს კარგი ამბავია ჩვენი გაზის მიწოდებისთვის ამ ზამთარში და მის ფარგლებს გარეთ", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი "ტვიტერში".
გასულ წელს ევროპის ქვეყნებმა ტრანსადრიატიკის გაზსადენით (სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის ქსელის მონაკვეთი) 8 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი აზერბაიჯანული გაზი მიიღეს.