სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა.
ე.წ. მოდულის შენობა ქეთევან ხვედელიანმა ცოტა ხნის წინ დატოვა
მისი თქმით, გოგაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სავარაუდოდ დაკავების დროს, მიღებული აქვს სახის, ზურგისა და მუხლის არეში დაზიანებები, რომლებიც ექიმებმა უკვე შეაფასეს და სახალხო დამცველის აპარატი დასკვნას გამოითხოვს.
ამჟამად გოგაშვილთან მისი ადვოკატი იმყოფება.
"როგორც ვიცი, ნახა უკვე ექიმმა და შეაფასა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სახალხო დამცველი აპარატი ესაუბრა მისი ოჯახის წარმომადგენლებს, როგორც ვიცი მიმართავენ საგამოძიებო სამსახურს. ბრალთან დაკავშირებით ასე კონკრეტულად არ გვისაუბრია. თვითონ ამბობს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი დაკავება. შეტყობინება არ ყოფილა მის მიმართ გაკეთებული, შესაბამისად, არ ელოდებოდა, თუ იგეგმებოდა მსგავსი სახის სპეცოპერაცია. სახეზე აღენიშნება შეშუპება, ხელის მტევნებზე და ფეხებზე აქვს სილურჯეები", - თქვა ხვედელიანმა.
მისივე თქმით, გოგაშვილი აცხადებს, რომ მას ორი იარაღი ჩხრეკის დროს ჩაუდეს.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, დილის საათებში, საკუთარ სახლში, სპეცოპერაციით დააკავეს.
ფოტო: არქივი