"დღეს განსაკუთრებული დღეა საქართველოში. თბილისი მასპინძლობს ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაწყებულ ძალიან მნიშვნელოვან დიალოგს და ამ პროცესს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან ჩვენ ერთობლივად, ერთობლივი ძალისხმევით, შევეცდებით უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
ილია დარჩიაშვილმა აღნიშნულ პროცესში საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის როლზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა“ პრემიერ-მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან ჯერ კიდევ 2021 წელს გააჟღერა და მოძმე სახელმწიფოებს თბილისში მედიაციის პლატფორმის შექმნა შესთავაზა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელი დღე სწორედ ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს შუამავლობის ინიციატივა წარმატებით ხორციელდება - საქართველოს, როგორც შუამავალი ქვეყნის ძალისხმევით, ორი ქვეყნის ლიდერებთან წარმართულ მოლაპარაკებათა პროცესს, უკვე მოჰყვა კონკრეტული და ხელშესახები შედეგები.
მინისტრმა საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოჩენილი ნდობისთვის აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მედიაციით მიმდინარე ეს დიალოგი რეგიონში საერთო მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევით დასრულდება.
„თბილისი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ადგილს“ - დასძინა მინისტრმა. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრით სწორედ ეს უძველესი ტრადიცია განახლდა.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში გაიმართა.