რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს,- ასე ეხმაურება ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მისი თქმით, ქვეყანამ ბევრი რეფორმა განახორციელა, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, მაგრამ რაც მოვისმინეთ, დაუშვებელია.
"რადგან მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა მას კონკრეტულ საქმეზე ანგარიში მოსთხოვოს, ეს მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა.
ასევე მოვისმინეთ ევროპარლამენტარ გალერის სააპელაციო სასამართლოს მიმართ მოწოდება, რომ ნიკა გვარამია გაამართლოს. საინტერესოა, თავისი ქვეყნის სასამართლოს თუ მიმართავს და ეტყვის, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. შესაბამისად, ყველამ ნება უნდა იბოძოს და პატივი სცეს იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რასაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ჰქვია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.