დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მდივანი გრანტ შეპსი კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და მთავრობის მეთაურის პოსტისთვის რბოლაში მიიღებს მონაწილეობას.
ტრანსპორტის მდივანმა თავისი სურვილის შესახებ განცხადება The Sunday Times-თან ინტერვიუში გააკეთა.
პოლიტიკოსის თქმით, თუ ის გაიმარჯვებს, ახალ თანამდებობაზე მუშაობის პირველი 100 დღის განმავლობაში, მოამზადებს საგანგებო ბიუჯეტის პროექტს, რათა შეამციროს გადასახადები მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენებისთვის.
"ორწელიწადნახევარი გვყავდა ტაქტიკების მთავრობა... ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გავხდეთ სტრატეგების მთავრობა", - მიიჩნევს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი.
ცოტა ხნით ადრე, ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და მთავრობის მეთაურის პოსტისთვის რბოლაში მონაწილეობას ფინანსთა მინისტრი ნადიმ ზაჰავიც მიიღებს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის მდივნმა ბენ უოლასმა, რომელსაც მაღალი შანსი ჰქონდა, ბორის ჯონსონის მემკვიდრე გამხდარიყო, უარი თქვა ამ რბოლაში მონაწილეობაზე.
"ეს არ იყო ადვილი არჩევანი, მაგრამ მე ვარ ორიენტირებული ჩემს ამჟამინდელ სამუშაოზე და ამ შესანიშნავი ქვეყნის უსაფრთხოებაზე", - დაწერა უოლასმა ტვიტერზე.
ბრძოლაში ჩართვის მზადყოფნა მანამდე კიდევ ოთხმა პოლიტიკოსმა დაადასტურა. კერძოდ, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ტომ ტუგენდატმა და ინგლისისა და უელსის გენერალურმა პროკურორმა სიუელენ ბრეივერმანმა.
შეგახსენებთ, 7 ივლისს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა. ჯონსონი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს, ვიდრე კონსერვატიული პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს.
უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება წესები და გრაფიკი, რომლის მიხედვითაც შეირჩევა პარტიის ახალი ლიდერი.
კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე ნომინირებისთვის აუცილებელია 8 თანაპარტიელის მხარდაჭერა. კენჭისყრის პირველი რაუნდი დეპუტატებს შორის ჩატარდება და მეორე ტურში ის გავა, ვინც ხმების 5%-ს მაინც დააგროვებს (ანუ 18 დეპუტატის მხარდაჭერა ექნება).
მეორე ტურის გადასალახად უკვე 36 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო. ყოველ შემდგომ რაუნდში ის კანდიდატი გამოეთიშება რბოლას, ვისაც ყველაზე ნაკლები ხმა ექნება და ასე, სანამ ორი კანდიდატი არ დარჩება. ამ ორს შორის არჩევანს კონსერვატიული პარტიის წევრები გააკეთებენ ფოსტის საშუალებით. გამარჯვებული გახდება პარტიის ლიდერი და შემდგომ ბრიტანეთის მთავრობის მეთაური.