საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის ურბანული კატასტროფების რისკის მართვის, მდგრადობის და მიწის გლობალური მართვის საკითხებში დირექტორს სამეჰ ვაჰბას შეხვდა.
ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა სამეჰ ვაჰბას იმ მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო მსოფლიო ბანკისგან სხვადასხვა მიმართულების განვითარებისთვის იღებს.
"განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მელიორაციის კუთხით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რამაც საშუალება მოგვცა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესისთვის მიგვეღწია”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან ერთად, მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციებს ირიგაციის სექტორში, მიწისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებში. პროექტის ძირითადი მიმართულებაა საირიგაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/მოდერნიზაცია. პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორგანიზაციების რეფორმის პროცესის ხელშეწყობას, კერძოდ, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ფინანსური, ინსტიტუციონალური, მდგრადი ოპერირების, საინვესტიციო დაგეგმარების, გამართული საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებებს.
შეხვედრაზე, მსოფლიო ბანკის დირექტორმა, სამეჰ ვაჰბამ დადებითად შეაფასა საქართველოში ირიგაციისა და მიწის მართვის მიმართულებით მსოფლიო ბანკთან ერთად განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისივე განცხადებით, ახალი პროექტი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტი” (GRAIL) ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო განვითარებას.
შეხვედრაზე განსაკუთრებულად დადებითად შეფასდა საქართველოს პროგრესი კლიმატის ცვლილებების კუთხით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.