პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ დღეს, 8 ივლისს, ყაველაშვილის მეშვეობით, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს, კერძოდ, მის ელჩს საქართველოში, ქალბატონ კელი დეგნანს ვრცელი წერილით და მთავარი შინაარსით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს ომი საქართველოში.
"არ სჭირდება ამერიკის ელჩს ჩემი ადვოკატობა - ვფიქრობ, ის თავად მოახდენს რეაგირებას ამ ბრალდებაზე.
რას გვეუბნება ამ წერილით ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილი: 30 წელია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები არიან და დღეს, რვა ივლისს ვიგებთ, რომ ჩვენს მთავარ პარტნიორებს სურთ ომი საქართველოში და მტრები ყოფილან. ადვილი გამოსაცნობია ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი - რადგან ამერიკა ჩვენი მტერია, რუსეთს უნდა შევუერთდეთ.
საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის და სუვერენიტეტისთვის წარსულში ურთულესი იყო და, როგორც ჩანს, არც მომავალში იქნება იოლი. მაგრამ როცა ვდგავართ ფინიშის ხაზთან, უნდა მოვიკრიბოთ ძალა, მოთმინება, გამოვიჩინოთ სიბრძნე და ღირსეულად გავიაროთ უკანასკნელი დისტანცია ევროპამდე. ივანიშვილი გვაშინებს ომით, რათა არ დაკარგოს ძალაუფლება - ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი წინ ევროპისკენ, თავისუფლებისკენ, ოლიგარქიის და ივანიშვილის გარეშე!
ხშირია საუბრები, თუ რა არის ჩვენი გეგმა - ევროკავშირის 12 პუნქტი უკვე გეგმაა! 1. ამ 12 პუნქტის უკან კონკრეტული საპარლამენტო კანონპროექტები დგას, რომლებიც უსწრაფესად არის მისაღები. ეს გეგმის საპარლამენტო ნაწილია. 2. აუცილებელია მეორე, საპროტესტო გეგმა - მშვიდობიანი, პერმანენტული ხალხმრავალი მიტინგები, თვეში ერთხელ, ან ორჯერ, მათ შორის, აგვისტოში - ბათუმში. არ არის საკმარისი სამჯერ შეკრება, თუნდაც 100 000 კაციან მიტინგზე. ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტით იმდენჯერ უნდა გამოვიდეთ, რამდენჯერაც საჭირო იქნება ჩვენი ამოცანების შესასრულებლად ევროკავშირის გზაზე. ეს არის გეგმის საზოგადოებრივი ნაწილი. 3. პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო სექტორმა ინტენსიურად უნდა განაგრძოს დასაბუთებული მტკიცებულებების მიწოდება ოლიგარქატზე, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაზე, ტოტალურ უსამართლობაზე და კორუფციაზე, რაც ამუხრუჭებს და ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს.
ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვების პროცესი გრძელდება - ვაგრძელებთ სამოქალაქო, მშვიდობიან, ხალხმრავალ პროტესტს თბილისსა და ბათუმში", - აცხადებს ოქრიაშვილი.