ევროპა უნდა მოემზადოს რუსული გაზის სრული შეწყვეტისთვის, - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
6 ივლისს, სტრასბურგი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საგანგებო გეგმები უნდა შეადგინოს რუსული გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისთვის მოსამზადებლად.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში დეპუტატების წინაშე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ენერგიის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ევროკომისია მუშაობს "საგანგებო გეგმაზე", რომლის პირველი წინადადებები იქნება წარმოდგენილი ივლისის შუა რიცხვებამდე.
"პუტინი აგრძელებს ენერგიის იარაღად გამოყენებას. გაზის მიწოდების შემცირება ევროკავშირის 12 წევრ სახელმწიფოს შეეხო. ჩვენ გვჭირდება კოორდინაცია ევროკავშირის დონეზე. ევროკომისია მალე წარადგენს საგანგებო გეგმას. ჩვენ ვიმუშავებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ერთიანი ბაზარი და სამრეწველო მიწოდების ქსელები შეფერხებისგან", - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.