არც ერთ ოლიგარქს არსად უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც ივანიშვილი ასრულებს, - აცხადებს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ამერიკელი დიპლომატი უილიამ კორტნი, 1995-97 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩი.
"ცხადია, გარკვეული გაგებით, ეს არის ივანიშვილის გადაჭარბებულ პოლიტიკურ როლთან დაკავშირებული საკითხი. როლთან, რომელსაც იქამდე სააკაშვილი თამაშობდა. დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, საქართველოს ერთმანეთის მიყოლებით ჰყავდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, რომლებმაც გადაჭარბებული როლი შეასრულეს. უკრაინას ჰყავდა ეკონომიკური ოლიგარქები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, მაგრამ არც ერთ ოლიგარქს, არსად არ უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც მაგალითად ივანიშვილი ასრულებს. ასე რომ, დე-ოლიგარქიზაცია ნამდვილად გულისხმობს საქართველოში გარკვეული პიროვნებების დიდი პოლიტიკური როლის შემცირებას და პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც ინტერესებზეა დაფუძნებული და არა ინდივიდებზე, პიროვნებებზე. მაგალითად, ნორმალურ დემოკრატიებს აქვთ კონსერვატიული, ლიბერალური პარტიები. საქართველოში კი პოლიტიკური პარტიები პიროვნებებზე, ინდივიდებზე დგას. ინსტიტუციურად ეს ნაკლებად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა", - თქვა კორტნიმ.