„ნაცმოძრაობა“ არ უნდა დავასვათ ზურგზე ქართულ საზოგადოებას მეორედ, - ამის შესახებ„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
კობახიძის განმარტებით, ნაცმოძრაობა თავიდანვე იყო პოლარიზებული საზოგადოებასთან, მთელი ცხრა წლის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში იყო და რა თქმა უნდა, ეს პოლარიზაცია შემდეგაც დარჩა ძალაში.
„მე მგონი, ჩვენ არავინ არ მოგვიწოდებს, რომ მორიელი დავისვათ ზურგზე. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით მორიელის ბუნება, ცნობილი იგავ-არაკის მიხედვით. ჩვენ ყველა შემთხვევაში, საზოგადოების განწყობის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ და არავის არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ზურგზე დაგვაჯდეს და ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებაზეც“ არ არის საუბარი. „ნაცმოძრაობა“ არ უნდა დავასვათ ზურგზე ქართულ საზოგადოებას მეორედ. სამწუხაროდ, ეს რეალობა გვქონდა ცხრა წლის განმავლობაში და ეს რეალობა აღარ უნდა დავაბრუნოთ. „ნაცმოძრაობა“ ზურგზე, როგორც მორიელი, აღარასდროს აღარ უნდა დავასვათ ქართულ საზოგადოებას, რომელმა 308 ევროპარლამენტარმაც არ უნდა მოგვიწოდოს აქეთკენ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.