აშშ-ის არმიის გენერალი კრისტოფერ კავოლი ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლეს მეთაურად დაინიშნა.
კავოლიმ შეცვალა ამერიკელი გენერალი ტოდ უოლტერსი, რომელიც ამ პოსტზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.
უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიალს, რომელიც სამხრეთ ბელგიაში, სამხედრო ბაზაზე გაიმართა, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და აშშ-ის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაური გენერალი მარკ მილი ესწრებოდნენ.
"ჩვენ ახლა ერთად ვდგავართ ამ კონტინენტზე უდიდესი გამოწვევების წინაშე. ჩვენ ყველანი ერთად ვივლი მშვიდობისა კეთილდღეობის მომავლისკენ ყველა ჩვენგანისთვის", - თქვა კავოლიმ ცერემონიაზე.
კრისტოფერ კავოლი დაიბადა გერმანიაში, ამერიკელი სამხედროების ოჯახში. 1987 წლიდან მსახურობს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში.
1990-იანი წლების ბოლოს კავოლი მსახურობდა ბოსნია და ჰერცეგოვინაში ნატოს სამშვიდობო მისიის ფარგლებში, მოგვიანებით კი მონაწილეობა მიიღო ავღანეთში სამხედრო ოპერაციებში.
კავოლი თავისუფლად ფლობს ფრანგულ, იტალიურ და რუსულ ენებს და არის ექსპერტი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში.
ბოლო დრომდე, კრისტოფერ კავოლი შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობას მეთაურობდა.