ევროკავშირის ერთიანი ვალუტის, ევროს გამოსახულების სკულპტურა, რომელიც წლებია, ფრანკფურტში ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი სათაო ოფისის სიახლოვეს არის განთავსებული, აუქციონზე გაიყიდება. იუწყება Politico.
"14 მეტრის სიმაღლის სკულპტურა, რომელიც 2001 წელს, ევროს ბანკნოტების შემოღების პარალელურად დაიდგა, გადაურჩა ფინანსურ კრიზისს, თუმცა ახლა მისი შენარჩუნება ძალზედ ძვირი ჯდება", - წერს Politico.
მანფრედ პოლმა, არაკომერციული ორგანიზაცია Frankfurter Kultur Komitee-ის ხელმძღვანელმა, რომელიც 21 წელია სკულპტურაზე ზრუნავს, თქვა, რომ მზარდი ვანდალიზმი და სპონსორების ნაკლებობა იძულებულს ხდის, ნამუშევარი აუქციონზე გაიტანოს ამ წლის ოქტომბერში.
პოლის განცხადებით, მისი ორგანიზაცია 100-ზე მეტ ბანკს დაუკავშირდა სპონსორობის მოთხოვნით, თუმცა ამაოდ. მისივე თქმით, ევროპის ცენტრალური ბანკი ყოველწლიურად 15 000 ევროს გამოყოფს სკულპტურის მოვლა-პატრონობისთვის, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ არის.
ამასთან, მანფრედ პოლი პოტენციურ მყიდველებს აფრთხილებს, რომ სკულპტურა 50 ტონას იწონის.