თურქეთში ინფლაცია სწრაფი ტემპით იზრდება - ივნისში ინფლაციის მაჩვენებელი 78,62%-მდე გაიზარდა, განმარტავენ თურქეთის სტატისტიკის სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, მხოლოდ მაისში თურქეთში ინფლაციამ 74%-ი შეადგინა. განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა ტრანსპორტისა და საკვების ღირებულება. შესყიდვის ფასები წელიწადში თითქმის 138%-ით გაიზარდა (მაისთან შედარებით 6,8%-ით მეტი).
როგორც ცნობილია, ოპოზიციამ ხელისუფლება სტატისტიკის გათეთრებაში დაადანაშაულა. მათი თქმით, თურქეთში ინფლაცია გაცილებით მაღალია. სტამბოლში დაფუძნებული Enag ინფლაციის კვლევის ცენტრი იტყობინება, რომ ივნისში თურქეთში ცხოვრების ხარჯები 175,55%-ით გაიზარდა.
თურქეთში ინფლაცია სხვადასხვა მიზეზის გამო იზრდება: შესუსტებული ადგილობრივი ვალუტა ხელს უწყობს ფასების ზრდას. შედეგად გაიზარდა იმპორტი.
განუხრელად იზრდება ენერგორესურსების ფასები, მათ შორის უკრაინაში რუსული შეიარაღებული აგრესიის ფონზე. ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკი არ არის საკმარისად ძლიერი, რომ ებრძოლოს მაღალ ინფლაციას. ფაქტობრივად, მარეგულირებელმა გასული ზაფხულიდან მონეტარული პოლიტიკაც კი შეარბილა.
ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ საპროცენტო განაკვეთების გაზრდას შეუძლია ინფლაციის შეკავება. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები ინფლაციის მიზეზია. ცენტრალური ბანკი მიჰყვება ერდოღანის ხაზს და ამიტომ უარს ამბობს საპროცენტო განაკვეთების გაზრდაზე.