საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა, თუმცა წარმატებისთვის ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის სხდომაზე.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საქართველოს აპლიკაციას ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით, აქვს ძლიერი მხარეები, თუმცა ქვეყანამ უნდა დასახოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ.
"საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მათ აპლიკაციას აქვს ძლიერი მხარეები, კერძოდ, ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკა, ძლიერი კერძო სექტორით. თუმცა, წარმატებისთვის ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად. მან მკაფიოდ უნდა დასახოს გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. გზა, რომელიც დასახავს აუცილებლად გასატარებელ რეფორმებს, ჩართავს სამოქალაქო საზოგადოებას და მიიღებს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას", - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, შემდეგ კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე დაუბრუნდეს და შეაფასოს, რამდენად აკმაყოფილებს ქვეყანა აუცილებელ პირობებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, თუ რა წარმატებას მიაღწევენ ევროკავშირისკენ სავალ გზაზე უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, დამოკიდებულია მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და პროგრესზე.
შეგახსენებთ, უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 23-24 ივნისს გაიმართება.