თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს უახლოეს მომავალში მიიღეს.
ამის შესახებ კახა კალაძემ, დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება. როგორც იცით, 23-24 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ევროსაბჭო მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით - ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ეს მოხდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლის შემდეგ; შევძლით ვიზალიბერალიზაციის მიღება და დღეს საქართველოს მოქალაქეები ქართული პასპორტით თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპულ ქვეყნებში; შევძელით თავისუფალი ვაჭრობის პროექტის ხელმოწერა და მისი განხორციელება და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირ ვიტყვი, პირადად მე, ველოდებოდი, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ამასაც აქვს თავისი ახსნა და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, არაფერია დასამალი, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული: მაშინ, როდესაც საუბარი იყო სამ ქვეყანაზე - საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. სამივე ქვეყანას ფაქტობრივად, ერთნაირი დათქმები აქვს, რაც უნდა გამოასწორონ, რაზეც უნდა იმუშაონ, თუმცა, ორ ქვეყანას მიანიჭეს სტატუსი და საქართველო დატოვეს სტატუსის გარეშე. ეს ძალიან სამწუხაროა და ვიცით, რატომ მოხდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა წინასწარი დათქმები შესრულდეს და ქვეყანამ სტატუსი მიიღოს.
„ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მივიღებთ სტატუსს. ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ვისმენთ განცხადებებს, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო არ არის საინტერესო ადგილზე. 30 წელია, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, ეს საერთოდ საოცრებაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარ შემთხვევაში ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ და ყველფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენი ქვეყანა იმ დიდი ოჯახის წევრი გახდეს, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ დღესაც, გუშინაც, გუშინწინაც ვიყავით ამ მიმართულებაზე და გვაქვს საერთო მიზანი, რასაც ჰქვია საქართველოს გაწევრიანება დიდ ევროპულ ოჯახში. ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს ამისთვის, ახლაც ვმუშაობთ ამ მნიშვნელოვან თემაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა დასძინა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს დესტრუქციული ძალების მიერ დასახული მიზნების განხორციელებას, არავის მისცემს საშუალებას, საქართველოს განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და ვიწროპარტიული ინტერესებით ქვეყნის განვითარება შეაფერხოს.