საქართველოს ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძე, ევროკავშირის მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მომზადებულ, ახალი ანგარიშის სტანდარტების და კოდექსების შესრულების (Report on the Observance of Standards and Codes - ROSC) შესახებ პრეზენტაციას დაესწრო. ანგარიში ვრცლად მიმოიხილავს 2016 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ საქართველოს ნორმატიული და სამართლებრივი ბაზის კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებით სრულ ტრანსფორმაციას და სრულ შესაბამისობას საუკეთესო პრაქტიკასთან.
კობა გვენეტაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა კორპორაციული მართვის საკითხების მიმართულებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, გაატარა. ამასთან, ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით გადაიდგა.
"დარწმუნებულები ვართ, რომ გამართული კორპორაციული მართვის სტანდარტების დამკვიდრება ქვეყანაში ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ბაზრის გამჭვირვალობისა და ქართული კომპანიების რეპუტაციის ზრდას, არამედ მათ მიერ ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, რაც, ცხადია, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკი გაეცნო სტანდარტების და კოდექსების შესრულების ანგარიშს (ROSC), რომელიც დადებითად აფასებს საქართველოში კორპორაციული მართვის გარემოს და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ამ კუთხით, რა თქმა უნდა, არის გარკვეული შენიშვნები, რომელსაც ბანკი აუცილებლად გაითვალისწინებს სამომავლოდ. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე საკმაოდ კარგი გარემო შეიქმნა კომპანიებისათვის ჯანსაღი კორპორაციული მართვის კულტურის დანერგვის კუთხით და სამომავლოდ უკვე კომპანიებისგან მიღებული ანგარიშგებები გვიჩვენებს, თუ რა ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო და ეროვნული ბანკიც შესაბამისად იმოქმედებს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.